ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ღრელში სასწავლო პროცესი ახალ სკოლაში განახლდა

15 სექტემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში ახლადაშენებული საჯარო სკოლა გაიხსნა. დღეიდან სასწავლო პროცესი თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განახლდა.

მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა დავით ვარდიაშვილმა და შოთა როსტიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მოადგილეებმა დავით ტაბატაძემ და საბა კბილაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს სკოლის შენობა, საკლასო ოთახები და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს.

„ახალი სკოლის გახსნას გილოცავთ ყველას, გვიხარია, რომ დღეიდან თქვენ თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემოში გააგრძელებთ სასწავლო პროცესს, განსაკუთრებით კი ამ მნიშვნელოვან მოვლენას ვულოცავ ჩვენს პატარებს, პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი“ - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.

სოფელ ღრელში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ფარგლებში აშენდა სკოლის ახალი შენობა, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

+14

 

გააზიარე