ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

18 სექტემბერი, 2023

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"გილოცავთ სწავლის დაწყებას, განსაკუთრებით პირველკურსელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეთ უნივერსიტეტის კარი. ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადახვედით და წარმატებები მინდა გისურვოთ. ეს წლები ნაყოფიერად გაგეტარებინოთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის გამოგეყენებინოთ, რადგან სწორედ თქვენ განსაზღვრავთ სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას", - განაცხადა დავით ვარდიაშვილმა.

სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს სწავლის დაწყება მოილოცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში მერაბ ბერიძემ და უნივერსიტეტში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. დასახელდნენ წარჩინებული სტუდენტები, აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის მერიაში მათი ხელშეწყობის მიზნით მოქმედ პროგრამაზე - „სტიპენდია წარჩინებულ სტუდენტებს“ .

„ახალციხეში, უნივერსიტეტის არსებობას უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია და ერთობლივი ძალებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აქ პროფესიონალი და მოტივირებული ადგილობრივი კადრების მომზადებასთან ერთად, მათ ხელშეწყობაზეც ვიზრუნოთ. დარწმუნებული ვარ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, შემდგომში აუცილებლად გამოადგებიან ჩვენს მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა ირაკლი ლაზარაშვილმა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1990 წლიდან ფუნქციონირებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ბაზაზე. დღეისათვის, უნივერსიტეტში სწავლა ოთხი ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამით მიმდინარეობს. ესენია: განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ახალი სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტს 1684 სტუდენტი ჰყავს, მათ შორის 369 პირველკურსელია.

+14

 

გააზიარე