ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ცისანა ახვლედიანი იუბილარია

26 აპრილი, 2023

ახალციხის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი და ღვაწლმოსილი პედაგოგი ცისანა ახვლედიანი დღეს იუბილარია.

ქალბატონ ცისანას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში, რომელსაც დღემდე დიდი შემართებით და სიყვარულით აგრძელებს.

ღვაწლმოსილ პედაგოგს დაბადების დღე სამუსიკო სკოლის კოლექტივთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ და მერიის თანამშრომლებმა მოულოცეს.

ცისანა ახვლედიანი ქალაქ ახალციხეში, 1945 წლის 26 აპრილს, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ქ. ახალციხის №1 საშუალო სკოლაში და პარალელურად ახალციხის სამუსიკო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, საფორტეპიანო განყოფილებაზე. 17 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო თბილისის №1 გახანგრძლივებულ სკოლასთან არსებულ სამუსიკო სკოლაში. შემდეგ კი, მშობლიურ ახალციხის სამუსიკო სკოლას დაუბრუნდა, სადაც დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

1969-1974 წლებში სწავლობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1981-2021 წლებში ხელმძღვანელობდა ახალციხის სამუსიკო სკოლას და ამ სკოლის ბაზაზე გახსნილ თბილისის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის №1 სამუსიკო სასწავლებლის ახალციხის ფილიალს. 2021 წლიდან ქალბატონი ცისანა ახვლედიანი ახალციხის სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა.

წლების მანძილზე მისი ორგანიზებით მრავალი ღონისძიება თუ კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, სკოლის აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობდნენ რაიონულ, რეგიონულ, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში.

+11

 

გააზიარე