5 ოქტომბერი - მასწავლებლის საერთაშორისო დღე
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და კერძო სკოლა „მზექა“-ს ღვაწლმოსილი და წარმატებული მასწავლებლები ესწრებოდნენ.
მოწვეულ პედაგოგებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე მიესალმნენ, პროფესიული დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს თავიანთ საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
პროფესიული დღე, პედაგოგებს ლექსით მიულოცა ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლემ იოანე მაზმიშვილმა. ასევე, მომავალი თაობების აღზრდაში მათ განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრეს მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ და პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარის“ დირექტორმა ბელა ავალიშვილმა.
წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის, 43 მასწავლებელს მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
მადლობის სიგელები და საჩუქრები მიიღეს საქართველოს დამსახურებულმა მასწავლებლებმა ციალა სარიშვილმა, ბადრი კაპანაძემ და ნაზი ჯინჭველაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, მერის მოადგილეები ვაჟა გაჩეჩილაძე, რუბენ კარაპეტიანი, ქალაქის საზოგადოების, განათლების სფეროს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პედაგოგს გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით იმ შრომისთვის, რომელსაც ღირსეული თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში ეწევით.
გისურვებთ წარმატებებს!