ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლებთან

15 ნოემბერი, 2021

12 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ზაზა თამარაშვილთან და გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელმძღვანელთან გულიკო მაღრაძესთან ერთად, „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსს“ შორის თანამშრომლობაზე, ერთობლივ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„მერსი ქორფსის“ წარმომადგენლებმა გურანდა გოგიტიძემ და ნინო კაპანაძემ დეტალურად ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. აღნიშნეს, რომ „მერსი ქორფსი“ აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო პროექტებს ახორციელებს.

აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა, „მერსი ქორფსის“ მხრიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის” სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის და ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდების გასაუმჯობესებლად საჭირო მხარდაჭერაზე მსჯელობა.

აღინიშნა, რომ ქალთა ოთახის სათანადოდ აღჭურვისა და სრულფასოვანი ფუნქციონირების შემთხვევაში, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათთვის საჭირო საკითხებზე კონსულტაცია, გაეცნონ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სერვისებსა და პროგრამებზე, ასევე ისარგებლონ კომპიუტერითა და ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა შეხვედრებისათვის საჭირო სივრცით, ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით .

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

გააზიარე