ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„მოხალისე 2019“-ის შემაჯამებელი შეხვედრა

23 დეკემბერი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის „მოხალისე 2019“-ის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე პროგრამაში მონაწილე ჯგუფებმა გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ახალგაზრდებმა ისაუბრეს პროგრამის მიზნებზე, გამოწვევებზე და სირთულეებზე, რის შემდეგაც გამარჯვებული ჯგუფი დასახელდა. მერიის „მოხალისე 2019“-ის გამარჯვებული გუნდი ჯგუფი ,,TEST’ გახდა.

გამარჯვებული გუნდის წევრები თათია მერაბიშვილი, თათია გიგოლაშვილი და ეთუნა მერაბიშვილი 31 დეკემბერს, საახალწლო გალა კონცერტზე მერიისგან მობილური ტელეფონებით დასაჩუქრდებიან. პროგრამის მონაწილეებს კი სერთიფიკატები გადაეცემათ.

მერიის მიერ პროგრამაში მონაწილე ჯგუფები სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეფასდნენ. ესენია: აქტივობების რაოდენობა, ჩატარების ადგილი, ღონისძიებების მრავალფეროვნება და მასში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა.

შეხვედრაზე მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლებმა პროგრამა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ იგი 2020 წელსაც განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ მოხალისის პროგრამას მუნიციპალიტეტის მერია 2019 წლის აპრილის თვიდან ახორციელებდა. ეს იყო საპილოტე პროგრამა, რომლის მიზანი, მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობა იყო.

გააზიარე