ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

26 May, 2023

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საზეიმოდ აღინიშნა ახალციხის ციხეზე.  სადღესასწაულოდ იყო  მორთული ქალაქი და ახალციხის  ციხის ტერიტორია, სადაც  მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს და  ქალაქის სტუმრებს სხვადასხვა  კულტურულ,  სპორტულ,  საბავშვო თუ  გასართობ-შემეცნებით აქტივობებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ. მსურველებს ასევე დილიდანვე  შეეძლოთ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის  დათვალიერება და სამახსოვრო ფოტოების  გადაღება.

 

ციხის ზედა და ქვედა ნაწილები რამდენიმე თემატურ ზონად - შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად იყო დაყოფილი, მიმდინარეობდა მუსიკალური და  თეატრალიზებული წარმოდგენები, ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები,  სხვადასხვა  სახის მასტერკლასები, მესხური კულინარიისა და ადგილობრივ  მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.   მსურველებს,  ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ  მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ  აქტივობებში. ღონისძიების პატარა სტუმრები კი  სპეციალურად მათთვის მოწყობილ საბავშვო კუთხეებში გაერთვნენ და მონაწილეობა მიიღეს  თამაშებში, შემეცნებითი ქვიზებსა და შოუებში. ასევე,  იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით  მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა, მათ შორის,  მსჯავრდებულთა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა, მობილური იუსტიციის სახლის საქმიანობის გაცნობა, მსურველებისთვის  დამზადდა სამახსოვრო პასპორტები  და ID ბარათები, წარმოდგენილი იყო ასევე საჯარო რეესტრის ამზომველების მანქანები და სამუშაო აღჭურვილობა.

 

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას  დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარის  რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.

 

17 საათსა და 10 წუთზე  საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო და შესწულდა სახელმწიფო ჰიმნი. დღის ბოლოს კი გალა კონცერტზე  მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ანსამბლი  „გორდელა“ და ოთო ნემსაძე ბენდთან ერთად.

 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით და სამინისტროების ჩართულობით გაიმართა. ქალაქ ახალციხეში დამოუკიდებლობის დღე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  ერთობლივი ორგანიზებით მასშტაბურად აღინიშნა.

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

 

+38

 

გააზიარე