მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული  ძეგლები

რაბათის ციხე

ციხე-ქალაქი იმდროინდელ ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიებოდა, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, - მას სავარაუდოდ სხვა სახელი - ლომსია ერქვა. „მატიანე ქართლისაის“ ცნობით კი, ციხე-ქალაქი IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია.
ციხე-ქალაქს მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქ არის ქალაქის ძველი ნაწილი, ე. წ. რაბათი და დიდი ციხე-სიმაგრე, რომელშიაც წინათ ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო. მარჯვენა ნაპირი ვაკეა. აქ ქალაქის უბნები მხოლოდ XIX საუკუნეში გაშენდა, ამ ნაწილსაც ბორცვები აკრავს. ქალაქის ზოგი უბანი ამ ბორცვთა ფერდობზეა შეფენილი.


თისელი

ახალციხის რაიონში, სოფელ თისელის მახლობლად რამდენიმე ძველი შენობის ნანგრევია დარჩენილი. თვით სოფელი თისელი მთაშია, აწყურიდან დასავლეთით, 5-6 კილომეტრითაა დაშორებული. სოფლიდან 1-1,5 კილომეტრზე, სამხრეთ-
აღმოსავლეთით, მთის პატარა მდინარის მარჯვენა ნაპირას დგას გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევი. მის უკან (აღმოსავლეთით) შიშველი კლდეებია, მდინარის მეორე ნაპირზე კი ტყით დაფარული მთები.
ეს შენობა, როგორც ხელოვნების ძეგლი, ძლიერაა დაზიანებული. მისი დასავლეთი ნაწილი მთლიანად დანგრეულია (ტაძართან თუ დასავლეთის მხრიდან მიხვალთ, თითქოს შენობის განივკვეთს ხედავთ), ქვის პერანგი ერთიანადაა შემოძარცული.

გადარჩენილი ნაწილების მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია საგრძნობლად შეუკეთებიათ. მისი გუმბათი შენობის სხვა ნაწილებისგან განსხვავდება, იგი აგურითაა  დამუშავებული და ქვით არის ნაგები. სხვადასხვა დროინდელი ფენები ირჩევა შენობის ქვემო ნაწილებშიც.

თისელის გუმბათოვანი ეკლესიის შესახებ წერილობითი საბუთები არ მოგვეპოვება, მაგრამ შენობის გეგმისა და ხუროთმოძღვრული თავისებურებათა მიხედვით, იგი XIV საუკუნის მიწურულში, ან XV საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული.

გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, კლდის ქიმზე, ციხის ნანგრევია, ხოლო ხეობის სიღრმეში, ოციოდე წუთის სავალზე - მეორე, უგუმბათო ეკლესია და მასთან დაკავშირებულ შენობათა მთელი კომპლექსი. ეს კუთხე ერთ-ერთი ულამაზესთაგანია მთელს სამცხეში. გუმბათიანი ეკლესიის ზემოთ ხეობა ვიწროვდება, ტყე გზამდე ჩამოდის. შემდეგ ხეობა ორად იყოფა და იქვე, მარცხენა ხეობის დასაწყისში, სადაც მოპირდაპირე კლდეები უახლოვდება ერთმანეთს, მოულოდნელად გამოჩნდება აღნიშნული უგუმბათო ეკლესია. იგი მარჯვნივ დგას, კედელივით შვეული კლდის საფეხურზე. გალავანი, რომელიც გზის პირამდის ჩამოდის, მისასვლელი გზა ამ გალავნის შიგნით, სხვა შენობები, მცენარეულობასა და ხავსშია ჩაფლული.

ბუნებრივ კლდეებსა და შენობათა ნანგრევებს ერთბაშად ვერც კი გაარჩევთ ერთმანეთისაგან.  სადგომთა დიდი ნაწილი ახლა მიწის ქვეშაა. საფუძვლიანი გაწმენდისა და გათხრის გარეშე აქ ძნელად თუ გაირკვევა რამე.

თვით ეკლესია შედარებით კარგადაა გადარჩენილი და კედელ-კამარიანად დგას საგანგებოდ ამოშენებულ ბაქანზე. კედლები თლილი ქვისაა. დასავლეთით კვადრატული კარიბჭეა. ყურადღებას იპყრობს კარიბჭის დიდი ვარსკვლავისებრი კამარა. ამგვარი კამარის უფრო კარგი ნიმუშები შეგვიძლია ვნახოთ ზარზმის ტაძრის კარიბჭესა და ზარზმისავე სამრეკლოში. სამხრეთის მხარეს ეკლესიაზე სამარხია მიშენებული. გარედან ეკლესიას არავითარი მორთულობა არა აქვს, შიგნით კი მოხატულია. მხატვრობის გარჩევა ახლაც კარგად შეიძლება.
თისელის უგუმბათო ეკლესიაც აგრეთვე XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. როგორც ჩანს, აქ მონასტერი იყო.


ურავლის ტრიკონქი

ახალციხის რაიონის სოფელ ურაველთან, ხეოთის გადასახვევის მახლობლად, ხევის სიღრმეში, ჩანს მცირე ეკლესიის ნანგრევი. ყურადღებას იპყრობს მისი კედლების მკაფიო ფერი - მოწითალო, თითქმის აგურის ფერი. ეს სულ პატარა გუმბათოვანი შენობაა, ე. წ. ტრიკონქის ტიპისა. იგი ჯვარისებრი მოხაზულობისაა და ჯვრის სამი მკლავი (აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთისა) შიგნით ნახევარწრიულადაა მომრგვალებული. ამ ტიპის შენობები საქართველოში XI საუკუნეზე გვიან აღარ გვხვდება. შენობას შერჩენილი აქვს მცირეოდენი სამკაული და წარწერა, რომელიც თარიღს არ შეიცავს.

ჭულევის წმ. გიორგის ეკლესია

ჭულევი ახალციხის რაიონში, ადიგენიდან დაახლოებით ხუთიოდე კილომეტრის მანძილზე, მდ. ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე, კლდეების ძირში მდებარეობს. სახელი ჭულე, ანუ ჭულევი ახლა მარტო ეკლესიას შემორჩა. ამ სახელწოდების სოფელი აღარ არსებობს. სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. მონასტრის სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“. დღეისთვის დამკვიდრებულია სახელწოდება „ჭულევი“.
რაიონის ცენტრიდან გზა ჩრდილოეთით მიემართება. სოფელ ადიგენამდე ძლიერი აღმართია გზის მარჯვნივ ციცაბო კლდეზე კოშკივით აღმართული. აგრეთვე გზის მარჯვნივ, კარგად ჩანს ოქროს ციხე. ამ პლატოდან ფართო და მრავალფეროვანი სივრცე იშლება. უკან, სამხრეთისკენ, ქვაბლიანს გაღმა, ამწვანებულ კალთებზე სოფლებია გაბნეული. წინ კლდოვანი, დაღარული ქედია, რომლისკენაც ჭულევის გზა მიემართება. ტაძრამდის დაახლოებით ერთი კილომეტრი გზა წიწვიანი ტყით დაფარულ ვიწრო კლდოვან ხეობაში შედის და მცირე კლდეკარს მიადგება. აქ ყველაფერი სახეს იცვლის. ხეობა კვლავ იშლება და უზარმაზარი კლდეებით გარშემორტყმულ, ყოველმხრივ შემოზღუდულ, სივრცვს ქმნის. ეკლესია ამ ამფითეატრის შუაგულში დგას.
ეკლესიასთან ახლოს მისული ადამიანი ადვილად შენიშნავს, რომ წინათ ეს მყუდრო ადგილი არც ისე ჩუმი და უდაბური უნდა ყოფილიყო. ეკლესიის გარშემო მრავალი ნანგრევია.
ჯერ კიდევ XX საუკუნუს 30-იან წლებში ეკლესიის გვერდით მდიდრულად მოჩუქურთმებული სამრეკლო იდგა. ნაგებობა მაღალმხატვრული ღირსებისა ყოფილა, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს ექვთიმე თაყაიშვილი: „ჭულების ნახევრად დანგრეული სამრეკლო გვაოცებს მორთულობის სიმდიდრითა და სილამაზით: სარკმლები და სამხრეთის კარი დაფარულია უნატიფესი ჩუქურთმით... ასევე ნატიფია შიგნი თაღების შემკულობა... სამრეკლო მთლიანად რომ შემორჩენილიყო, იქნებოდა ყველაზე ლამაზი მთელს საქართველოში“. სამრეკლოს ცისფერი სმალტით შემკულ ჩუქურთმებს აღმოსავლური გავლენაც დაჰკრავდა. აქვე, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან,  დგას მცირე, მთლიანად პერანგშემოძარცული, კამარაჩაქცეული  სამლოცველო. ამ სამლოცველოს ამშვენებდა ხელოსნის რელიეფური გამოსახულება პატარა ზედწერილით. ბერების ძველი საცხოვრებლებიდან დღეისათვის ტაძრის ჩრდილოეთით სატრაპეზოს ერთი კედელია შემორჩენილი. თვით ჭულევის ეკლესია დღეს რესტავრირებული და აღდგენილია, მაგრამ აქაურობა დიდი ხნის განმავლობაში უპატრონოდ იყო და გამაჰმადიანებული მოსახლეობა გამუდმებით ძარცვავდა ტაძარს.
ჭულევის წმ. გიორგის ეკლესია (აქ ადრეც მდგარა ეკლესია) XIV საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. ეს თლილი ქვით ნაშენი გუმბათიანი ეკლესიაა. გეგმითა და ხუროთმოძღვრული ფორმებით იგი საფარის წმ. საბასა და ზარზმის ეკლესიებს ენათესავება, მაგრამ ბევრად უფრო მცირეა. მნახველი ადვილად შენიშნავს, რომ მისი კედლების წყობა გარედან ერთგვაროვანი არ არის. კედლის პერანგის ნაწილი (უფრო წვრილია ქვა) ახალია. 
ჭულევის ტაძარი არა მარტო სიდიდით ჩამოუვარდება საფარასა და ზარზმას, არამედ მხატვრული ღირსებითაც. მისი მოჩუქურთმება, მთლიანად ვერ მოუსწრიათ (გუმბათის სარკმლები მოუჩუქურთმებელია), მაგრამ რაც არის გაკეთებული მოწმობს, რომ ჩუქურთმის სახეები აქ ნაკლებ მრავალფეროვანია, ვიდრე ხსენებულ ორ დიდ ძეგლში.   ყურადღებას იპყრობს აღმოსავლეთის ფასადი. მთავარი სარკმლის მარცხნივ და მარჯვნივ გაკეთებულია სამკუთხა ნიშები, რომელთა მსგავსი არც საფარასა და არც ზარზმაში არ არის. ნიშები პატარაა, მცირე სიღრმისა, ისინი ვეღარ თამაშობენ ისეთ არსებით როლს, როგორსაც X-XIII საუკუნეთა ძეგლებში. იგრძნობა, რომ ჭულევის მშენებელი აქ მხოლოდ ოდესღაც გავრცელებულ, მის დროს კი მივიწყებულ, ხერხს იმეორებს.
შუა სარკმელი ფართო მოჩუქურთმებულ არშიაშია ჩასმული.
როგორი იყო ამ კედლის სხვა ნაწილთა მორთულობა, დღეს აღარ ჩანს, რადგან ძველი პერანგის დიდი ნაწილი დაღუპულია.
ეკლესიის შინაგანი სივრცე, საფარისა და ზარზმის შემდეგ, ძალიან ვიწრო და აზიდული ჩანს. მხატვრობა ჭულევში ისე გარკვევით აღარ ჩანს, როგორც საფარასა და ზარზმაში.
ჩრდილო-დასავლეთ ბურჯის სამხრეთის პირზე დარჩენილია საღებავით შესრულებული წარწერა, რომელიც გვაუწყებს, რომ ჭულევის ეკლესია მხატვარ არსენის მოუხატავს. მოხატვა „სრულ იქმნა“ 1381 წელს. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის ზემოთ, ირჩევა რამდენიმე მამაკაცის პორტრეტი. ესენი ჯაყელები არიან, რომლებიც საფარასა და ზარზმაშიც გვხვდება: სარგის-საბა, ბექა, სარგის II, ყუარყუარე, მაგრამ აქ მეხუთე პირიც არის ბექას უმცროსი ვაჟი შალვა. მხატვრობის სხვა ნაწილებში, ჩვეულებისამებრ, საღვთო წერილის სიუჟეტებია გადმოცემული.
წმინდა გიორგის დღეს არსებული გუმბათოვანი ტაძარი, აშენებული უნდა იყოს სამცხის ათაბაგის, აღბუღას მიერ. მისი ფრესკული ხატი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის აწ დაღუპულ ფრესკაზე.
მონასტრის შეკეთება 1935-36 წლებში უცდიათ რუსებს, რაც ძეგლის შეგნებული დამახინჯებით დასრულდა. სწორედ ამ „რესტავრაციის“ დროს უკვალოდ გაქრა ის სამრეკლო, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, ასევე ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით პატარა ეკლესია და სამხრეთის მხარეს სხვა ნაგებობანი. 1977 წელს დაიწყო ხელახალი აღდგენითი სამუშაოები, რომელიც შეწყდა 1988-89 წლებში თანხების უქონლობის გამო.
XVI საუკუნის შემდგომ ჭულევში ღვთისმსახურება მხოლოდ 1999 წლიდან აღდგა.

 

 

ბაიები

ახალციხის რაიონის სოფელ წყორძის დასავლეთით, აღმართულია მცირე სიმაღლის შვეული კლდეები. ეს ადგილი ბაიების სახელითაა ცნობილი. დაახლოებით კლდის შუა სიმაღლეზე შენობათა მთელი ჯგუფია: გალავნის ნანგრევები, გალავნის შიგნით კი კლდეზე მიბჯენილი, თითქოს კლდეში შედგმული,  ორი ერთნავიანი ეკლესიაა ერთიმეორის გვერდით. ერთი - მარცხენა, უფრო დაბალია, მეორე უფრო მაღალი და ვრცელი. გარედან ჩანს ეკლესიათა მხოლოდ სამხრეთის კედლები. მცირე ეკლესია მთლიანად თლილი ქვითაა ნაშენი. დიდ ეკლესიაში მხოლოდ სამხრეთის, ჩრდილოეთის კედლები და კამარაა ქვით ნაშენი, ხოლო დასავლეთის კედლის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს გარედან კარგად მოჩუქურთმებული კარნიზი აქვთ. მარჯვენა, დიდი, ეკლესიის შიგნით ძველი მხატვრობის უმნიშვნელო კვალია დარჩენილი.
ეს ეკლესიები მხოლოდ მთელი კომპლექსის ნაწილია. მათ ქვეშ ორ სართულად განლაგებული სადგომებია (ქვით ნაშენი წინა კედლებით), ხოლო დიდი სამლოცველოდან კლდეში ამოკვეთილი გასაძრომი და სამალავები იწყება.
კლდეებში სადგომთა ამოკვეთა საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული. კლდის ქალაქი უფლისციხე, კლდეშივე გამოკვეთილი ვარძიის მონასტერი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მესხეთ-ჯავახეთში კიდევ არა ერთი და ორი მსგავსი ძეგლი მოიპოვება. ბაიები ჯერ არ გამხდარა საგანგებო შესწავლის საგნად. თავისი სიდიდით იგი ვერ შეედრება უფლისციხესა და ვარძიას, მაგრამ მაინც დიდად საინტერესო ისტორიული ძეგლია. ბაიებში ახლა ბევრი რამ დანგრეული და დაზიანებულია. სადგომების დიდი ნაწილი მიწითაა ამოვსებული, კლდეები ბევრგან ჩამოქცეულია. მაგრამ გადარჩენილ სადგომებშიც ბევრი რამაა საყურადღებო, მაგალითად, გალავანში შესასვლელი კარი, რომელიც საგანგებო ბუდეებშია ჩამაგრებული, ერთი დიდი გათლილი ლოდისგანაა გამოკვეთილი. ამ ქვაში სათვალთვალო ხვრელია ამოჭრილი.
ბაიების ყველა შენობა შეიძლება ერთ დროს არ იყოს აშენებული. ის კი ცხადია, რომ მთელი კომპლექსი მომწიფებულ შუასაუკუნეთა ხანას ეკუთვნის. უფრო საფიქრებელია, რომ იგი XII-XIII საუკუნის ძეგლი უნდა იყოს.

 

ღრომას წმ.თევდორე

ახალციხის რაიონის სოფელ ანდრიაწმინდასთან მახლობლად, ვხვდებით ისტორიულ ნაშთებს.  ღრომას მახლობლად, ანდრიაწმინდისკენ მიმავალი გზის მარჯვნივ ნასოფლარს. ბევრად უფრო დაბლა, მდებარეობს წმინდა თევდორეს მცირე ერთნავიანი სამლოცველო. იგი კედელ-კამარიანად დგას. მას თლილი ქვის პერანგი და ქვის ღილებიანი საბურავი აქვს. ყურადღებას იპყრობს საბურავის კეხის მორთულობა. აღმოსავლეთით, კეხზე, ქვით გამოქანდაკებული ცხვრის თავია, რომელიც მთელ ფასადს აგვირგვინებს, ხოლო დასავლეთით, სათანადო ადგილზე  ეკლესიის მცირე მოდელი. ასეთი სამკაულები საქართველოში გავრცვლებულია. წმ. თევდორეს ცხვარი ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია ამგვარ სამკაულთა შორის. ეს ეკლესია დათარიღებული არ არის, მაგრამ როგორც ჩანს საკმაოდ ძველია და შესაძლებელია თარიღდებოდეს X საუკუნით.

 

საყუნეთის წმ. გიორგი

სოფელი საყუნეთი ახალციხის რაიონში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, ახალციხიდან საყუნეთამდე 22 კილომეტრია. საყუნეთში წმ. გიორგის სახელობის პატარა უგუმბათო ეკლესიაა. იგი თლილი ქვითაა ნაშენი. შესასვლელი და სარკმლები ჩუქურთმიანი არშიებითაა მორთული. ასე კარგად დაცული ძეგლი მესხეთში ცოტაა. შენახულია არა მარტო კედლები და კამარა, არამედ ქვის ძველი სახურავიც. ასეთი ფილებით იხურებოდა წინათ ქართული ტაძრები.
შენობის ასეთი მდგომარეობა იმით აიხსნება, რომ ეკლესიას მაჰმადიანებიც მოკრძალებით ეკიდებოდნენ, რადგან, როგორც ჩანს, ღვთაებრივ ძალას მიაწერდნენ მას. ყოველწლიურად 23 აპრილს (გიორგბას), აქ დიდძალი ხალხი იკრიბებოდა სხვადასხვა სოფლებიდან და აწყურელი მღვდელი წირავდა კიდეც.
მართალია, საყუნეთის ეკლესია, მხატვრული ღირსებით, ჩამოუვარდება სამცხის სხვა ძეგლებს, მაგრამ იგი, განსაკუთრებით თავისი მორთულობით, XV-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ნიმუშია. ამიტომ მას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. საყუნეთის ჩუქურთმების შედარება აწყურის ან საფარის ჩუქურთმებთან გვიჩვენებს, რომ XII-XIII საუკუნეებიდან XV-XVI საუკუნეებამდე, ქართული ხუროთმოძღვრება, რომელიც მეტად მძიმე პოლიტიკურ პირობებში ვითარდებოდა, საგრძნობლად დაქვეითდა. მაგრამ ისეთ მძიმე დროშიც კი, როგორც XV-XVI საუკუნეები იყო, ქართული ხუროთმოძღვრება საკუთარ სახეს არ კარგავს და უცხო გავლენასაც არ ითვისებს. ამ მხრივ საყუნეთის მცირე ძეგლიც საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.

 

წყორძა

ახალციხის რაიონში, მდინარე ურავლის ხეობაში, მდებარეობს სოფელი წყორძა, რომელშიაც რამდენიმე ძველი ნაშთია შემორჩენილი. მათ შორის უფრო საინტერესოა ეკლესია, რომელიც შუა სოფელში, ხევის პირას, დგას. ეს სამლოცველო - უგუმბათო, ერთნავიანი შენობა - ძალიან მცირე ზომისაა, იგი თლილი ქვითაა აგებული. სამხრეთით მას მინაშენი ჰქონია, მაგრამ ახლა დანგრეულია.
მიუხედავად იმისა, რომ შენობის სიგრძე-სიგანე სულ რამდენიმე ნაბიჯია, მისი კედლები მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. ეს ალბათ ადგილობრივი ფეოდალის კარის ეკლესია იყო. მოჩუქურთმებულ არშიაშია ჩასმული შესასვლელი და სარკმლები. აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლებს ზემოთ მაღალი ჯვრებია ამოკვეთილი ისე, როგორც დიდი ტაძრების კედლებზე აკეთებდნენ ხოლმე. შენობის კუთხეებში და ჩრდილოეთის კედელზე სრულიად თავისებური სამკაულებია - სხვადასხვა მოხაზულობის რტოებზე გამობმული ყურძნის მტევნებივით. ნაწილობრივ მოჩუქურთმებულია კარნიზიც.
აშკარაა, რომ ოსტატს დიდი სიყვარულით უშენებია ეს პატარა სამლოცველო. მას უცდია მორთულობის მხრივაც ოთხივ კედელზე მთლიანი სურათი შეექმნა. მშენებელი პროფესიულად ასე თუ ისე დახელოვნებული ყოფილა, მაგრამ მხატვრული გემოვნება კი ჰკლებია. ჩუქურთმათა შესრულება, იმავე დროს, მოწმობს, რომ ძეგლი ქართული ხუროთმოძღვრების აყვავების ხანას არ მიეკუთვნება. მას ხელოვნების დაქვეითების ნიშნები ეტყობა. ჩუქურთმის სახეები ერთგვაროვანი და ნაკლებ საინტერესოა,
ძეგლის შესწავლამ გამოარკვია, რომ იგი XIII საუკუნის მიწურულში უნდა იყოს აშენებული.
წყორძის მეორე ეკლესია სოფლის განაპირასაა, ბორცვის კალთაზე. მისი დასავლეთი კედელი მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. მიწა ფარავს ჩრდილოეთის კედლის ნახევარსაც. შენობა კედელ-კამარიანად დაუზიანებლად დგას, მისი მორთულობა მწირი და უსახურია,  თუმცა ქვა რიგიანადაა გათლილი, მაინც სავსებით ზუსტი არაა. ეკლესია დაუთარიღებელია, მაგრამ საფიქრებელია, რომ XIV ან XV საუკუნეშია აგებული.

 

საფარა

საფარის დიდებული მონასტერი მესხეთის მიწაზე მდებარეობს, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10-12 კილომეტრში. უდაბური, უმცენარო გზის შემდეგ - ფიჭვისა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმული, მრავალშენობიანი მონასტერი დიდი ოაზისივით ჩნდება.
ანსამბლი განლაგებულია ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაში. მას უკავია მაღალი მთის შუა ტერასა. ზედა ფერდობი და ტერასაც შედარებით შიშველია, ირგვლივ კი ფოთლოვანი და წიწოვანი ტყეებია. ქვემოთ, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი მიიკლაკნება ურავისწყალი.
საფარის მონასტერი ოდესღაც სამცხის ათაბაგთა სამყოფელი - თავის დროზე ნამდვილ სიმაგრეს წარმოადგენდა. მონასტრის თავზე, დასავლეთით, დღესაც დგას ძველი ციხის ნანგრევები. ციხიდან დიდი გალავანი იწყება.  ჩრდილოეთით და დასავლეთის მხრივ გალავნის ნაშთი ახლაც გარკვევით ჩანს. დასავლეთით  მთაზე იგი ტყეში იკარგება, ჩრდილოეთით კი ციცაბო კალთას ჩამოყვება და მონასტრის შესასვლელის მარცხნივ კლდოვან ხევში თავქვე ეშვება.
მონასტრის მთავარი შენობა - წმინდა საბას გუმბათოვანი ტაძარია. იგი ყველაზე მეტად გამოიყოფა შენობათა შორის და თავიდანვე იპყრობს ყურადღებას. მაგრამ სანამ წმ. საბას ტაძრამდის მივიდოდეთ, კიდევ რამდენიმე ნაგებობა შეგვხვდება.
შესასვლელთანვე, კლდის პირას, წმ. სტეფანეს სახელობის მცირე სამლოცველოა - ერთნავიანი, უგუმბათო შენობა, რომელსაც კარნიზზე  ჩუქურთმა შერჩენია. მის მეზობლად შენობები, XIX საუკუნეში რუსი ბერების მიერ აგებული სენაკებია.
ეკლესიის მიმართულებით მოძრაობის დროს, პირველად, გზის მარჯვნივ, კლდეზე მიბჯენილი, ქვაყორით ნაშენი, კამაროვანი სადგომები გვხედება. ეს, როგორც ჩანს, თავლები იყო.  გზაზე საგრძნობლად მაღლა, თლილი ქვით ნაშენი სასახლის ნანგრევია. სასახლე "ზურგით" კლდეებს ებჯინება. მისი სარკმლები კი აღმოსავლეთის მხარესაა მიმართული, ხეობისაკენ.
გზა მარცხნივ უხვევს, ხევის პირს მიჰყვება და მიადგება მონასტრის ცენტრს, სადაც შენობები ძალიან მჭიდროდაა შეჯგუფებული. აქ, მარჯვნივ, 2-3 მეტრის სიმაღლის კლდეზე, სამრეკლოა აღმართული. ჩრდილოეთიდან მას იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო აკრავს. მარცხნივ, სადაც წინ წამოსული კლდის კონცხი ფართო ბაქანს ქმნის, წმ. საბას ტაძარი დგას. წმ. საბას მერცხლის ბუდეებივით ეკვრის სხვა მცირე ეკლესიები. სამხრეთით წმ. საბას მიძინების ტაძარი ებჯინება. ეს ყველაზე ძველი შენობაა საფარის მონასტერში, სიდიდით კი მეორეა. იმ კუთხეში, რომელიც წმ. საბას სამხრეთის  კედელსა  და  მიძინების ტაძრის აღმოსავლეთის კედლის შუა ჩნდება, მცირე ზომის წმ. დიმიტრის სახელობის სამლოცველოა. სამხრეთითვე, მიძინების ეკლესიიდან რამდენიმე ნაბიჯზე, წმ. გიორგის პატარა ეკლესიაა. მნახველს ერთბაშად ხვდება თვალში გრძელი წარწერა მისი შესასვლელის თავზე. წმ. საბას დასავლეთის მხრიდან ეკვრის სამლოცველოები, დასასრულ, ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხესთან, ოთხიოდე მეტრის მანძილზე, იოანე ოქროპირის სამლოცველო დგას, ისიც ციცაბო კლდის პირას. შენობები წმ. საბას და წმ. გიორგის სამხრეთითაცაა, გზაზე და მთის ფერდზე. მნახველი აქ ადვილად გამოარჩევს ახალ შენობებს, მაგრამ აქა-იქ ნანგრევებიც ჩანს. აქვეა წყაროებიც.
სამხრეთის მხარეს უკვე ტყეა. ფიჭვი, ნაძვი, ფოთლოვანიც. გზა ამ ტყეში შედის, ბილიკად ქცეული მთას გადაივლის და სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. აქედან შეიძლება ძველ ქართულ სოფელ ანდრიაწმინდაში გადასვლა, აქედანვე გადადიან ურავლის ხეობის სოფლებშიც.
საფარის მონასტერს ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი ერთდროულად კი არ შექმნილა, არამედ საუკუნეთა განმავლობაში იზრდებოდა და ფართოვდებოდა.
მონასტრის ყველა შენობას დღემდის თავდაპირველი სახით არ მოუღწევია. ზოგიერთი მათგანი XIX საუკუნის ბოლოს, როცა საფარაში რუსი ბერები დასახლდნენ, გადააკეთეს ან შეღებეს.  
ჩვენ არ ვიცით, პირველად როდის აშენდა ეკლესია საფარაში. თვით სახელწოდება საფარა კი X-XII საუკუნეებში უკვე არსებობს. იმ ხანებში, სასულიერო მოღვაწეობის ასპარეზზე, საფარასთან დაკავშირებული რამდენიმე პარი ჩანს. მათი სახელები (ვინმე ივანე საფარელისა, ან ქართლის კათალიკოსის გაბრიელ საფარელისა) ისტორიულ წყაროებში იხსენიება.

მიძინების ეკლესია

საფარის დღევანდელ შენობათაგან უძველესი მიძინების ეკლესიაა. მისი დაარსების შესახებ წერილობითი ცნობები არ არის შემორჩენილი. არც თვით შენობას გააჩნია წარწერები, მაგრამ შენობის თავისებურება, მისი ხუროთმოძღვრული ფორმებისა და ჩუქურთმების ხასიათი მოწმობს, რომ ეს ძეგლი X საუკუნეშია აგებული.
ეს ერთნავიანი ეკლესიაა. დარბაზი კამარითაა გადახურული, ხოლო აღმოსავლეთით, ისე, როგორც ყველა სხვა ეკლესიაში, აქაც საკურთხეველია.
მიძინების ეკლესიის შიდა სივრცის განმასხვავებელი თავისებურება პატრონიკეა, ე. ი. აივნისებრი სადგომი, რომელიც დასავლეთითაა მოწყობილი. პატრონიკე სვეტებზეა დაბჯენილი და დარბაზის მთელი სიგანე უჭირავს. იმავე მხარეს ეკლესიას მინაშენი აქვს კარიბჭესავით, მხოლოდ იგი კედლებითაა დახურული (ჩვეულებრივ კარიბჭეს ღია თაღები აქვს). აქედანაა ეკლესიაში შესასვლელიც. წინათ კარიბჭეს სამხრეთით, სადაც ახლა თაღოვანი სარკმელია, გარედან შესასვლელი ჰქონდა.
ეკლესიას აქვს მეორე კარი, რომელიც მას წმ. საბას ტაძართან აკავშირებს. შესაძლებელია იგი წინათაც, წმ. საბას ტაძრის აშენებამდეც, არსებობდა და გარედან შესასვლელად იყო გათვალისწინებული.
მიძინების ეკლესიაში ყურადღებას იპყრობს მდიდარი ჩუქურთმები. XIX საუკუნის მიწურულში გაკეთებული რემონტის შემდეგ ეკლესიის კედლები (შიგნით) და კამარა შელესილი და შეღებილია. ეს აფუჭებს შთაბეჭდილებას და ჩუქურთმების გარჩევასაც აძნელებს. მაგრამ მაინც კარგად ჩანს სვეტისთავების თავისებური მორთულობა სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე. მორთულია აგრეთვე ის მსხვილი სვეტებიც, რომელთაც პატრონიკე ეყრდნობა. შეულესავად დარჩენილ ადგილებში (საკურთხეველში და პატრონიკეს ქვეშ) გადარჩენილა ძველი მხატვრობის ნაწილებიც. აქ წმინდანთა ფიგურებია გამოხატული. ეს მხატვრობა თავდაპირველი არაა, იგი XIV საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება. ამ ხანებში ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს და მთლიანად მოხატეს სამცხის ათაბაგის ბექას შვილების ბრძანებით. XIX საუკუნის მკვლევარ-მოგზაურთ ჯერ კიდევ მოუსწრეს ბექას ვაჟების - სარგის სამცხის სპასალარის, ყუარყუარესა და შალვას პორტრეტებს მიძინების ეკლესიის კედლებზე. შემდეგ პორტრეტები, მხატვრობის უდიდეს ნაწილთან ერთად, შელესვის და საღებავების სქელმა ფენამ შთანთქა.
მიძინების ეკლესიას სხვა, უფრო ძვირფასი სამკაულიც ჰქონდა. ქვის კანკელი, რომელიც დარბაზს საკურთხევლისაგან აცალკევებდა. ასეთი კანკელები - დაბალი მოაჯირი, ზედ ამართული სვეტებითა და თაღებით - წინათ საქართველოში გავრცელებული იყო. მოაჯირის წინა პირი ჩვეულებრივ ჩუქურთმებით ან რელიეფური ქანდაკებებით იყო შემკული. საფარის კანკელი, რომლის გადარჩენილი ნაწილები ამჟამად თბილისში, ხელოვნების მუზეუმში ინახება, ქართული ხელოვნების უძვირფასესი ძეგლთაგანია. იგი მწვანე ფერის, რბილი ჯიშის, ქვისაგანაა გაკეთებული.
მის მოაჯირზე საღვთო წერილის რამდენიმე სურათია გამოქანდაკებული ("ხარება", "მირქმა", "ელისაბედისა და მარიამის შეხვედრა" და სხვა). რელიეფის შესრულება, ადამიანთა ფიგურები, მათი მოძრაობა და გამომეტყველება, მოწმობს, რომ XI საუკუნის პირველ ნახევარში (კანკელი იმდროინდელია) ქანდაკების ხელოვნებამ, საქართველოში, დიდ განვითარებას მიაღწია.
გარედან მიძინების ეკლესიას მარტივი სახე აქვს. დაკვირვებული თვალი ადვილად გაარჩევს მის კედლებზე ორ განსხვავებულ ფენას. ძირითადი, ადრინდელი ფენა, შეიცავს აღმოსავლეთის ფასადს მთლიანად, სამხრეთის კედლის ქვემო ნახევარსა და მარჯვენა კუთხეს. აქ სუფთად გათლილი რუხი მომწვანო ქვაა გამოყენებული, შიგადაშიგ კი წითელ-სოსან-ყავისფერი ქვებიც ურევია. აღმოსავლეთის კედელზე დარჩენილია ძველი კარნიზი და სარკმლის საინტერესო მორთულობა.
მეორე ფენა, რომელიც მკვეთრად გამოირჩევა ქვის ფერით, XIV საუკუნისაა, ბექას შვილების დროინდელი. მოვარდისფრო ქვა, (დასავლეთის მხარეს კი თითქმის აგურისფერი) ნაკლებ გამძლე ყოფილა, იგი უფრო მეტადაა გამოფიტული, ვიდრე თავდაპირველად გამოყენებული ქვა. მეორე ფენას მიეკუთვნება დასავლეთის სარკმლისა და ეკლესიის შესასვლელის მორთულობა. ჩუქურთმის სახეები და შესრულება წმ. საბას ჩუქურთმებს ენათესავება.
XIX საუკუნის მიწურულს დასავლეთის მინაშენის კედლები შეათეთრეს, სამხრეთის შესასვლელი ამოქოლეს და შენობას თუნუქის სახურავი გაუკეთეს.


წმ
.საბას ტაძარი

საფარის მონასტრის ცხოვრებაში ახალი ეპოქა XIII საუკუნის მიწურულიდან იწყება. ამ დროს საქართველო მძიმე განსაცდელში იყო ჩავარდნილი: XIII საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან იგი მონღოლთა უღელქვეშაა მოქცეული. მისი პოლიტიკური, ნივთიერი და კულტურული სიძლიერე, რომელმაც XII საუკუნეში მწვერვალს მიაღწია, დაქვეითებულია. დარღვეულია მისი შინაგანი სიმტკიცე და მთლიანობა.
სამცხე, საქართველოს ერთი უდიდესი და უმდიდრესი ნაწილთაგანი, ამ დროს უკვე გამოყოფილია საქართველოს სახელმწიფოსაგან. მისი მფლობელნი  ჯაყელები - უშუალოდ მონღოლთა ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილებიან, თუმცა მაინც ატარებენ ქართულ საკარისკაცო წოდებებს და არც თავისი ქართველობა აქვთ დავიწყებული. სამცხის მფლობელს საერთოდ ათაბაგი ეწოდებოდა. მაგალითად სარგის ჯაყელი  პირველი დამოუკიდებელი სამცხის მფლობელი და მეჭურჭლეთუხუცესი იყო, ხოლო მის ძეს, სახელგანთქმულ ბექას - მანდატურთუხუცესის წოდება ჰქონდა.
ჯაყელთა სამთავროს ცენტრი, როგორც ცნობილია, ქალაქი ახალციხე იყო, მაგრამ მთავრებს სხვა ადგილებშიც ჰქონდათ სამყოფელი. როგორც ჩანს, სწორედ XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე გადააქციეს ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად და საგვარეულო საძვალედ. ცნობებს ჯაყელთა მშენებლობის შესახებ საფარაში, თვით საფარის წარწერები გვაწვდის.
XIII საუკუნის უკანასკნელ წლებში სამცხეს უკვე სარგისი კი აღარ განაგებდა, არამედ მისი ვაჟი ბექა მანდატურთუხუცესი. სარგისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ იგი სიბერის და ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა სახელმწიფო საქმეებს და ბერად აღიკვეცა საბას სახელით. ბექამ მამისთვის საფარაში დიდი ეკლესია ააშენა. ამ ეკლესიას, რომელშიაც, ალბათ, ჯაყელთა სამარხიც იყო, წმიდა საბას სახელი ეწოდა.
გავრცელებული წესის თანახმად, ეკლესიის მშენებელმა ბექამ ტაძრის შიგნით, სამხრეთის კედელზე, თავის თავი და ჯაყელთა ოჯახის სხვა წევრები დაახატინა. ეს მხატვრობა (სამხრეთის სარკმლის ქვეშ) დაზიანებულია, მაგრამ მისი ნაწილი სავსებით თავისუფლად გაირჩევა, ნაწილობრივ გადარჩენილა გრძელი წარწერაც.
თვით ჯაყელთა წინ, საგანგებოდ დახატულ ჩარჩოში, მოთავსებულია წმინდა საბა, რომლის სახელზეც ეს ეკლესია იყო აშენებული. ჯაყელები მისკენ არიან მიმართულნი, თითქოს მას ევედრებიან ხელაპყრობით. ყველაზე წინ შავმოსასხამიანი მოხუცი გრძელწვერა სასულიერო პირია. მის თავთან გარკვევით იკითხება. "საბა ათაბაგი" (საფარის ყველა წარწერა ასომთავრულია). ეს თვით სარგის ჯაყელია. მის უკან ბექა მანდატურთუხუცესი დგას. მას, როგორც ეკლესიის მშენებლობის ინიციატორს, ხელში ტაძრის მოდელი უჭირავს. მისი სამოსელი საზეიმოა - წითელი, ოქროს არშიამოვლებული. ბექას უკან მისი ვაჟები სარგის II და ყუარყუარე დგანან.
სარგის II-ის თავის ზემოთ მოთავსებულია დიდი წარწერა. მისი ნახევარი დაზიანებულია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ცნობები გადარჩენილ ნაწილშია. აქ ბექა მანდატურთუხუცესი ამბობს: "მე აღვაშენე და შევამკე ეკლესიაო". ჩვენ ვიცით საფარის წმ. საბას ტაძრის მშენებელი ხუროთმოძღვარი  ფარეზასძე ყოფილა. მისი სახელი მოხსენიებულია წარწერაში - ტაძრის კარიბჭის სარკმელთან. ეს წარწერა ადვილად იკითხება, რადგან კარიბჭესთან გზა მაღლდება და მაყურებლის თვალი თითქმის უსწორდება სარკმელს. "სრულ იქმნა საყდარი ესე საძირკველითვე ყოვლითა ფერითა ხელითა ფარეზასძისათა, შეუნდვნენ ღმერთმან", ნათქვამია წარწერაში. ე. ი. ეს ეკლესია მთლიანად, საძირკველითვე, აშენდა (მისი აგება დასრულდა) ფარეზასძის ხელით. სამწუხაროდ, ჩვენი ძველი ოსტატები იშვიათად აწერდნენ თავის სახელს შენობებზე. ჩვენ სულ რამდენიმე ძველი ქართველი ხუროთმოძღვრის სახელი ვიცით. ცხადია, მით უფრო საყურადღებოა, რომ საფარის კედლებმა შეგვინახა მისი მშენებლის ვინაობა.
წმ. საბას ტაძარს სხვა წარწერებიც აქვს: დასავლეთის კედელზე, მთავარი შესასვლელის თავზე და აგრეთვე განაპირა სარკმლებთან.
ეს წარწერები მოწმობს, რომ ტაძრის მშენებლობაში, ჯაყელებთან ერთად, მათი ქვეშევრდომი ფეოდალებიც მონაწილეობდნენ. ზოგს ფული და მამულები შეუწირავს, ზოგს ხარჯი გაუღია შენობის ცალკეულ ნაწილთა გასაკეთებლად.
შესასვლელის თავზე სამი წარწერაა: ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ ვინმე ოქროპირ გაბეცასძეს შეუწირავს 120 ბოტინატი (ბიზანტიური ფული იყო) შენობის "ზედასაფიქლავად", ე. ი. გადასახურავად (შენობის სახურავი ფიქლისა კეთდებოდა). მეორე წარწერის თანახმად, იოანე ღავასშვილს შეუწირავს წმ. საბასთვის მამული "ციხითა, ეკლესიითა, წყლით, ტყით, ჭალით, ყანით, ვენახით, წისქვილით". ხოლო მესამე წარწერის ამომკვეთს, ვინმე გიორგის, შეუწირავს ეკლესიის კარი. დასავლეთის ფასადის ორი განაპირა სარკმელიც ცალკეულ პირთა ხარჯით გაუკეთებიათ.
სხვადასხვა პირთა მონაწილეობა ტაძრის მშენებლობაში საერთოდ გავრცელებული იყო ჩვენში. ძეგლის მრავალი სხვა წარწერები მოგვითხრობს მამულებისა და განძეულობის შეწირვის ამბავს. სამაგიეროდ, შემწირველი თავის სახელს "უკვდავყოფდა" ტაძრის კედლებზე და მის მოსახსენებლად ეკლესიაში საგანგებო ლოცვასაც აწესებდნენ ხოლმე.
წმ. საბას ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. ეს ხანა, თამარისა და გიორგი ლაშას ხანასთან შედარებით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით ღარიბია. მხოლოდ ჯაყელთა სამფლობელოში ახერხებდნენ იმ ხანებში ინტენსიურად მშენებლობას. სამცხის სამთავრო ეკონომიურად შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ მონღოლებმა ეს კუთხეც არა ერთხელ მოარბიეს. 

წმ. საბას ტაძარი, ზარზმის ტაძართან ერთად, ყველაზე დიდია ბექასდროინდელ ეკლესიათა შორის. იგი ერთი პირველთაგანია საქართველოს იმდროინდელ (XIII-XIV საუკუნეთა მიჯნის) ძეგლთა შორისაც, როგორც სიდიდით, ისე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ხარისხით.
თავის საერთო სახით, გეგმითა და ხუროთმოძღვრული ფორმით, წმ. საბას ტაძარი უახლოვდება თამარისა და გიორგი ლაშასდროინდელ გუმბათოვან ტაძრებს: ბეთანიას, ქვათახევს, ფიტარეთსა და სხვა. მაგრამ განსხვავებაც თვალსაჩინოა. სხვაგვარია შენობის ცალკეულ ნაწილთა ურთიერთშეფარდება. მაგალითად, გუმბათის ყელი აქ ისეთი მაღალი არაა, როგორც ბეთანიასა და ქვათახევში. რამდენადმე შეცვლილია მორთულობისა და ცალკეულ ნაწილთა დამუშავების წესი. აღმოსავლეთის კედელზე (გარედან) აქ აღარაა სამკუთხა ჩაღრმავებული ნიშები შუა სარკმლის მარცხნივ და მარჯვნივ, რომლებიც XI-XIII საუკუნის თითქმის ყველა გუმბათოვან ტაძარში გვხვდება. ნაკლებია სარკმელთა რაოდენობა, რის გამოც ეკლესიის შიგნით იმდენი სინათლე აღარაა, როგორც უფრო ადრინდელ ეკლესიებში. გუმბათის ყელზე ყველა სარკმელი ნამდვილი არაა. არამედ თითქოს გამოშვებით "ყრუ" ანუ ცრუ სარკმლებია გაკეთებული (ასეთი ხერხი საფარის წმ. საბაში პირველად გვხვდება, ამის შემდეგ კი რამდენიმე ხნით ვრცელდება მთელ საქართველოში). გარედან კედლებზე შედარებით მეტია თავისუფალი, მოურთავი სიბრტყე. ეს განსაკუთრებით იგრძნობა აღმოსავლეთის მხარეს, რომელიც ზედ ციცაბო  კლდის პირსაა. ამ მხარეს ადამიანი რიგიანად ვერც კი მიუდგება და მორთულობასაც აქ მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ჩუქურთმას საფარის ტაძარში მაინც დიდი ადგილი უჭირავს. ეს საერთოდ დამახასიათებელია ქართული ხუროთმოძღვრებისათვის X საუკუნის მეორე ნახევრიდან XIV საუკუნის ჩათვლით და ნაწილობრივ უფრო გვიანაც.
წმ. საბას მშენებლებს უჩუქურთმოდ არ დაუტოვებიათ არც ერთი სარკმელი, გარდა აღმოსავლეთის კედლის მარცხენა და გუმბათის ყელის აღმოსავლეთისაკენ მიმართული სარკმლებისა. ყოველ სარკმელს ფართო მოჩუქურთმებული არშია უვლის გარს, ჩრდილოეთით და სამხრეთით სარკმლებს ორ-ორი არშიაც კი აქვს. სარკმლების გარშემო საგანგებოდ მორთული დისკოებია მოთავსებული, ჩრდილოეთის სარკმლის თავზე კი მოჩუქურთმებული ჯვარია "აღმართული". არშია-საპირეები არის შესასვლელთა გარშემოც. მაგრამ ყველაზე მდიდრულად მორთული მაინც დასავლეთის კარიბჭეა. მისი კამარები, საბჯენი თაღები, შესასვლელი თაღები, სვეტის თავები - ქვაზე ამოკვეთილი წნულითაა დაფარული.
წმ. საბას ტაძრის ჩუქურთმები მრავალფეროვანია. აქ რამდენიმე ათეული განსხვავებული სახე შეიძლება დავთვალოთ. მხატვრული ღირსებით ყველაზე უკეთესია დასავლეთის მთავარი სარკმლისა და კარიბჭის კარნიზის ჩუქურთმები. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის სარკმელთა და გუმბათის ყელის მორთულობა თავისი საერთო სისტემით რამდენადმე განირჩევა დასავლეთისა და სამხრეთის სარკმელთა მორთულობისაგან. აქ  ჩუქურთმის შესრულებაც უფრო მშრალია. სახეები უფრო დაწვრილმანებულ-დაქუცმაცებული. ამგვარად, წმ. საბას ტაძრის მორთულობაში სრული მხატვრული მთლიანობა არ არის დაცული. მიუხედავად ამისა, ჩუქურთმების შესრულების ხარისხი უეჭველად მოწმობს, რომ ქართული წნულის შესანიშნავი ხელოვნება, რომელიც ჩვენში საუკუნეთა მანძილზე ვითარდებოდა, იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი და მტკიცედ ფესვგადგმული იყო.
ხუროთმოძღვრის დახელოვნებას შენობის საინჟინრო-ტექნიკური მხარეც ამტკიცებს. წმ. საბას ტაძრის აგება განსაკუთრებით ძნელი და საპასუხისმგებლო იყო, რადგან აქ, კედელივით აღმართული კლდის თავზე, არ ჰქონდათ საკმარისი ადგილი დიდი შენობის დასადგმელად. მშენებელი იძულებული გამხდარა კლდეზე დაემყარებინა საბჯენი კედელი და ხელოვნურად შეექმნა საჭირო სიდიდის ბაქანი. საქმეს ისიც ართულებდა, რომ დასავლეთის მხარეს ადგილი შეზღუდულია კლდითა და მთის ფერდით.
ხუროთმოძღვარმა ფარეზასძემ ოსტატურად გადალახა სიძნელენი და ისეთი მტკიცე შენობა ააგო, რომ მის კედლებს დღესაც, თითქმის 700 წლის შემდეგ, არავითარი ზიანი არ ეტყობა. ეს ეკლესია თითქოს ჩაჭედილია ხრამსა და დასავლეთიდან მიბჯენილ კლდეს შორის. კარიბჭის ნაწილს კლდე ფარავს. ადგილმდებარეობის სირთულით აიხსნება ისიც, რომ მიწის დონე ეკლესიის გარშემო ცვალებადია. ჩრდილოეთის ფასადი მიწის დონეზეა, დასავლეთისა თითქოს "ჩაფლულია" მიწაში, სამხრეთისა კი მაღლაა "დაკიდებული". იგი დიდი ლოდებით ნაშენ მაღალ საბჯენ კედელზეა აღმართული (ეკლესიას ამ მხარესაც ჰქონდა შესასვლელი, მაგრამ იგი თავიდანვე გაუუქმებიათ. შიგნით ამ ადგილასაა ჯაყელთა პორტრეტები. პორტრეტებს ადგილი არ ეყო და შესასვლელიც ამოქოლეს).
შიგნით წმ. საბას კედლები გადაურჩა შეღებვასა და შელესვას. მისი ფრესკები, რაც დროთა ვითარებაში არ დაიღუპა, დღესაც კარგად ჩანს, თუმცა უმეტესობა დაზიანებულია.
მხატვრობის სხვა ნაწილები სასულიერო სცენებისა და წმინდანთა გამოსახულებებისადმია მიძღვნილი.
საფარის წმ. საბას ტაძრის ფრესკები XIII-XIV საუკუნეთა ქართული მხატვრობის საუკეთესო ნიმუშთაგანია.
წმ. საბას ტაძრის შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ არსებითად არაფერი გადაუკეთებიათ, მაინც იგრძნობა XIX საუკუნის "შელამაზების" კვალი. რუსი ბერების მიერაა დადგმული იკონოსტასი, XIX საუკუნისაა ავეჯიც. იმდროინდელია გარედან ხის ჩარჩოები, კარიბჭის თაღებში ხის კარნიზები და თუნუქის სახურავი, რომლის ქვეშ ძველი "დაფიქლული" სახურავია.

სამრეკლო

ბექა მანდატურთუხუცესი საფარაში მარტო ერთი ეკლესიის აგებით არ დაკმაყოფილებულა. ამ დროს საქართველოში უკვე გავრცელებული იყო ეკლესიებთან სამრეკლოების შენება. საფარის სამრეკლო ერთ-ერთი უძველესთაგანია საქართველოში. იგი XIII საუკუნის მიწურულში, ან XIV საუკუნის პირველ წლებშია აგებული, XIII საუკუნეზე ადრე კი სამრეკლოები საქართველოში უცნობია.
საფარის სამრეკლო, ისევ, როგორც ეკლესიები, თლილი ქვითაა ნაშენი. მას არავითარი მორთულობა არა აქვს. სამრეკლო, ჩვეულებისამებრ, ორსართულიანია. მეორე სართული, ღია თაღებიანი ფანჩატური, საკუთრივ სამრეკლოა. პირველი სართულზე, კი ლასურისძეთა საგვარეულო სამარხი იყო. ლასურისძენი ჯაყელთა ქვეშევრდომნი იყვნენ. ერთი მათგანი, მსახურთუხუცესი იყო. ბექას, ისე როგორც მეფეებს, თავისი მსახურთუხუცესი – საკუთარი ქონებისა და მეურნეობის მმართველი მინისტრი ჰყავდა. ბექა მთელი თავისი კარით დამკვიდრდა საფარაში. ლასურიძეებსაც მანვე უბოძა სამრეკლოს პირველი სართული საგვარეულო საკუთრებად. აქ, კედლებზე, ლასურისძეთა ოჯახის წევრების პორტრეტებია დარჩენილი. გარდა ლასურისა, დახატულნი არიან სუმბატი და სასულიერო პირი ნიკოლოზი. ამ ფიგურების თავზე მოთავსებულ წარწერაში ნათქვამია: "...მეუფეო ქრისტე ღმერთო... ადიდე ორთავე სუფევათა შინა პატრონი ჩვენი მანდატურთა უხუცესი ბექაი და ძენი მისნი, რომელმან... გუიბოძა საფლავნი ლასურისძესა ლასურს და ძმათა მისდა საუკუნოდ".

სასახლე


შესაძლებელია ბექასდროინდელი იყოს საფარის სასახლეც, რომლის ნანგრევი მთის კალთაზეა, წმ. საბა ჩრდილო-დასავლეთით. დარჩენილია სასახლის მხოლოდ ერთი სართული: ორი დიდი სწორკუთხა სადგომი ერთიმეორის მიყოლებით. კედლები თლილი ქვისაა, მშვენივრად ნაშენი. გადახურვა აღარ დარჩენილა. სარკმლები ძალიან პატარაა. საფიქრებელია, რომ სასახლეს მეორე სართულიც ჰქონდა საზეიმო დარბაზებითა და ფართო სარკმლებით. პირველ სართულში კი ალბათ დამხმარე სადგომები იყო.
შესასვლელებსა და სარკმლებში ყურადღებას იპყრობს ქვაში საგანგებოდ ამოკვეთილი ბუდეები კარისა და სარკმლის ალათების ჩასასმელად.
ნანგრევთა დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით ძნელი წარმოსადგენია სასახლის თავდაპირველი სახე, მაგრამ ის კი უეჭველია, რომ შენობა დახელოვნებული ოსტატების მიერ არის აგებული.
რაკი საფარაში მთავრის ოჯახი იყო დამკვიდრებული, ეკლესიების, სასახლისა და ციხე-გალავნის გარდა, აქ ბევრი სხვა შენობაც იქნებოდა. ამ შენობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. არის აქა-იქ გაფანტული ნანგრევები, მაგრამ მათი დანიშნულებისა და თარიღის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. დარჩენილია მცირე ეკლესია-სამლოცველოები, რომლებიც წმ. საბას ტაძარზე გვიან არის აგებული (XIV-XVI საუკუნეებში). ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით მათ დამოუკიდებელი ღირებულება ნაკლებად აქვთ, მაგრამ მათი მნიშვნელობა მაინც დიდია. ციხე, სასახლე და მთავარი ტაძრები გვიხატავენ შუა საუკუნეთა დიდი ქართული მონასტრისა და ფეოდალური რეზიდენციის შესანიშნავ სურათს.

წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესიას (მიძინების ტაძრის გვერდით) შერჩენილი აქვს საინტერესო წარწერა შესასვლელის თავზე. იგი მოგვითხრობს. რომ ეს "მცირედი ეგუტერი" (სამლოცველო) აუშენებია საფარის მოძღვარს გრიგოლ ნაფშვენისძეს, საფარაში დამკვიდრებულ ,,წმინდა მამათათვის". აქედან აშკარაა, რომ საფარაში იმ დროს მონასტერი არსებობდა.
XVI საუკუნე საფარას ისტორიაში უკანასკნელ მიჯნას წარმოადგენს. სამცხის გათურქებასთან ერთად, დაიწყო საფარის თანდათანობით დაცარიელება. ეს პროცესი XVII საუკუნის პირველ ათეულ წლებამდე გრძელდებოდა. ისევე, როგორც მესხეთის სხვა ეკლესია-მონასტრებიდან, საფარიდანაც გახიზნეს ხატები და სხვა განძეულობა.
წმ. საბას უმთავრესი ხატი, იმერეთში წაუღიათ და ჩხარის ეკლესიაში დაუსვენებიათ. განძის ნაწილი ქართლშიც მოხვედრილა, სოფელ არადეთში.
მეფე თეიმურაზ I-ის 1630 წლის ერთი სიგელი ადასტურებს, რომ საფარის წინამძღვარი არსენ ავალიშვილი იმ ხანებში გამოუძევებიათ საფარადან. სიგელში ნათქვამია, რომ ,,უღმრთოთა მაჰმადიანთა მიერ მონასტერი ყოვლად დიდებული მოოხრებულიყო, პატიოსანი ხატი წამოსუენებულიყო, მამულნი, სოფელნი, დაბანი წახდომილიყუნეს". ხოლო ვინც გადარჩა მონასტრის ყმათაგან, ისინი "მოვაგროეთ და დავასახლეთ სანახებსა ქართლისასა არადეთისა ბოლოს", სადაც ადრევე გამოხიზნულნი მესხნი ცხოვრობენო, წერს თეიმურაზი.
XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, ვახუშტის ცნობით, საფარას მონასტერი "შვენივრად დიდშენი, გუმბათიანი, შემკული ყოვლითა საეკლესიოთა და წმინდათა ნაწილებითა", ერთი მღვდლის ამარა დარჩენილა. შესაძლებელია, რომელსამე მცირე სამლოცველოში ზოგჯერ წირავდნენ კიდეც. უეჭველია, რომ იმ ძველი ქართული სოფლების მოსახლეობა, რომელსაც ქრისტიანობა შერჩა, არ დაივიწყებდა საფარას, მაგრამ მონასტერი მაინც უპატრონოდ იყო მიტოვებული. ამას მჭერმეტყველურად მოწმობს მრავალრიცხოვანი მინაწერები, რომლებიც წმ. საბასა და სამრეკლოს შიგნით მხატვრობაზეა ამოჭრილი. ზოგი წარწერა XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის პირველ წლებს მიეკუთვნება.
XIX საუკუნეში საფარის მონასტერი სრულიად მიტოვებული და გავერანებული იყო. თუმცა იგი "საშტატო ეკლესიად" გამოაცხადეს. საფარის გამოცოცხლება მხოლოდ XIX საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან იწყება. აქ ჯერ რამდენიმე ქართველი ბერი დამკვიდრდა, 1893 წელს კი რუსული მონასტერი დაარსდა. ზემოთაც ითქვა, რომ ბერებმა შეაკეთეს საფარის ეკლესიები, ზოგიერთი კი საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის გამოიყენეს. გარდა ამისა, აშენდა ახალი შენობებიც, სენაკები ბერებისათვის, რამაც პირველადი სახის დამახინჯება გამოიწვია.
დღეს საფარას სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურისა და ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.

 

აწყურის ციხე

ფეოდალური ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კმ-ში მდებარეობს. მატიანეში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში.
აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.
აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ადვილად ვერ დაიმორჩილებდა. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა.

სლესა ანუ მოქცევის ციხე

მდებარეობს ისტორიულ სოფელ სლესაში, სოფელ აწყურის  სამხრეთით, სოფელ აგარის გასწვრივ, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. იგი შუა საუკუნეების ძეგლია, რომელიც  მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“  (XVI საუკუნე).



სოფ. ვალის ღვთისმშობლის ეკლესია

სოფ. ვალეში არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ღვთისმშობლის ეკლესია (X-XVI სს.). ახლანდელი ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკაა (XVI ს.), თავდაპირველად კი გუმბათოვანი ტაძარი ყოფილა (X საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი). ფასადზე შემორჩენილია პირვანდელი ტაძრის საკმაოდ მდიდრული დეკორი: კარ-სარკმლის მორთულობა, კარნიზები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიეფური ქანდაკების ნიმუშები — აღმოსავლეთ ცენტრალური სარკმლის კომპოზიცია, საერო პირთა ფიგურები სამხრეთ ფასადზე, დასავლეთი კარის ტიმპანის ცხენოსანთა გამოსახულებანი და სხვა. სამრეკლო შენობის სახურავის კეხზე XVIII ან XIX საუკუნეებში უნდა იყოს დადგმული.


ელიაწმინდას ეკლესია

  
მდებარეობს სოფელ ელიაწმინდაში, ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1440 მ. აშენდა  XIII-XVI საუკუნეებში.






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია