ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა პროექტები დაათვალიერეს

15 ივლისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, მერიისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

სოფლებში წინუბანსა და გურკელში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. საავტომობილო გზის 3100 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი ეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 754 804 ლარით ფინანსდება. კეთილმოწყობილი გზით, როგორც აღნიშნული, ისე მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ გურკელში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ახალი სპორტული მოედანიც მოინახულეს, რომლის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 777 ლარით დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტისთვის სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მათ აგრეთვე, სოფლების: წინუბანი, გურკელი, აგარა, ზიკილია, მუგარეთის - სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენის და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს. სადაც პროექტის ფარგლებში სასმელი წყლის სისტემის ახალი სათავე-ნაგებობა უნდა გაკეთდეს, საიდანაც მაგისტრალური მილსადენით წყალი გამწმენდ-ნაგებობაში შევა, რის შემდეგაც სასმელი წყალი მაგისტრალური მილსადენებით დასახლებულ პუნქტებს მიეწოდება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 894 894 ლარით ფინანსდება.

გააზიარე