ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ისტორია

  ახალციხის მუნიციპალიტეტი - საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მხარის, მდიდარი ისტორიული წარსულით ცნობილი რეგიონის - სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკური, ისტორიული, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრია. ახალციხის მუნიციპალიტეტში შედის ადმინისტრაციული ცენტრი, 45 სოფელი და ერთი ქალაქის ტიპის დასახლება.

   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს ქალაქ ახალციხე, რომელიც ისტორიულ წყაროებში IX საუკუნიდან მოიხსენიება. მკვლევართა აზრით, ახალციხის თავდაპირველი სახელწოდება „ლომსია“ იყო, რომელიც XI საუკუნის ომების დროს დაინგრა. XII საუკუნის დასაწყისში, ქალაქის ხელახალი შენება დაიწყო ბაშქენ II ჯაყელმა, რომელიც დავით აღმაშენებელის დავალებით, თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ, საფორტიფიკაციო თავდაცვით სისტემებს ქმნიდა და ქალაქების აღდგენას ეწეოდა. სწორედ ამ პერიოდში დაერქვა ამ ადგილს „ახალციხე“. 

  არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა ის მოსაზრება, რომ ამ ადგილას გაცილებით ადრეულ პერიოდში არსებობდა დასახლებები. აღმოჩენილი იქნა III ათასწლეულისა და მისი მომდევნო პერიოდის რამდენიმე ათეული ნასახლარი, სამარხი, სამეურნეო ნაგებობა, იმდროინდელ ხელოსანთა მაღალი ოსტატობის დამადასტურებელი ლითონისა და კერამიკის ნაწარმი. ასევე, აღმოჩენილია ხისა და ტყავის დასამუსავებელიპრიმიტიული იარაღები, რომელთაც სპეციალისტები ქვის ხანას მიაკუთვნებენ.  ქალაქ ახალციხეზე გადიოდა სახმელეთო-სავაჭრო-საქარავნო გზები: აჭარა-შავშეთისკენ, იმერეთისკენ, ქართლისკენ, ახალქალაქ-ყარს-არტაანისკენ. ეს გზები საქართველოს აკავშირებდა ბიზანტიასთან (შემდგომში თურქეთთან) და აღმოსავლეთის ქვეყნებთან. მე 13-14 საუკუნეებში, ქალაქ ახალციხის პოლიტიკური მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან მონღოლთა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ქალაქი მაინც ვერ გატეხეს.

„ახალციხის (რაბათის) ციხე“ - ისტორიული ციხე საქართველოში, მდებარეობს  ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, რომელიც საუკუნეების წინ, ძველი სამცხის მთავარ ქალაქს და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ულამაზესი ციხე-ქალაქის დათვალიერებისას, თავისუფლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ საქართველოს ისტორიის უძველეს პერიოდში მოგზაურობთ. ლაბირინთებით, ციხე-კოშკებით, ეკლესიებით, მეჩეთითა და სხვა ღირსშესანიშნაობით სავსე ციხე მნახველებს ნამდვილად არ უჩივის. 

  ციხის ზედა ნაწილში ძირითადად ისტორიული ნაგებობებია განთავსებული: სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ჯაყელების საგვარეულო სასახლეშია; ასევე, მეჩეთი, მედრესე, მე-9 საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, ფაშას მოსასვენებელი, ციტადელი, დილეგები და ამფითეატრი. ქვედა ციხე კი, უმეტესად მომსახურების ობიექტებს უკავია: სასტუმრო, რესტორანი, კაფე-ბარები, ქორწინების სახლი, ღვინის მარანი და მაღაზიები. აქვეა  საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის და ადმინისტრაციის შენობა.

  

 

 

 

გააზიარე